вторник, 15 января 2019 г.

სტანდარტი სახვითსა და გამოყენებით ხელოვნებაში


. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სტანდარტი

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება დაწყებით საფეხურზე

შესავალი

დაწყებით საფეხურზე ხელოვნების, როგორც სასწავლო-აღმზრდელობითი დარგის პედაგოგიურ პოტენციალს მისი თვალსაჩინო-სახეობრივი ბუნება განსაზღვრავს. უმცროსკლასელებში, მათი ასაკობრივი თავისებურებიდან გამომდინარე, თვალსაჩინო-პრაქტიკული აზროვნება და სამყაროს ემოციური აღქმა სჭარბობს, ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია აღმოჩენაზე, კეთებაზე, დაკვირვებაზე დაფუძნებული აქტივობა, რასაც კარგად მიესადაგება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების შესწავლის სპეციფიკა.

დაწყებით საფეხურზე ხელოვნების სწავლება ძირითადად ბავშვის ემოციური და შემეცნებითი სფეროს, შრომითი და საკომუნიკაციო უნარების განვითარებას ემსახურება.

მიმართულებების აღწერა

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სწავლება სასწავლო გეგმის მიხედვით სამი მიმართუ­ლებით იშლება:
1.      შემოქმედებითობა და პრაქტიკა;
2.      კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია;
3.      ხელოვნების აღქმა კონტექსტში.

სწავლება ყველა მიმართულების ფარგლებში მიმდინარეობს პარალელურად და ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთკავშირში.
1.    შემოქმედებითობა და პრაქტიკა

ამ მიმართულების ფარგლებში მოსწავლეები ჩართულნი არიან შემოქმედებით საქმიანობაში, ახდენენ მრავალფეროვანი იდეების გენერირებას (იდეების წყარო მრავალფეროვანი უნდა იყოს (მაგ. წარმოსახვა, საკუთარი ფანტაზია, გარემოდან მიღებული შთაბეჭდილებები, სხვა საგნებში გავლილი მასალა, ზღაპრები, პოეზია ლიტერატურული ნაწარმოებები საბავშვო ბიბლია, მოთხრობები, ადაპტირებული მითოლოგია - ქართული, ძველბერძნული, ძველი აღმოსავლეთის; იგავ-არაკები, საბავშვო ლიტერატურის ილუსტრაციები, ზღაპრული, მითოლოგიური, ბიბლიური, მხატვრული ნაწარმოებების პერსონაჟები და სიუჟეტები, ცნობილ ხელოვანთა ან თანატოლების ნამუშევრები, მხატვრული, ანიმაციური ფილმები, მუსიკალური ნაწარმოებები; საკონცერტო, თეატრალური, საცირკო წარმოდგენები, ადგილობრივი და ოჯახური სადღესასწაულო ტრადიციები და სხვა). მიმართავენ თვითგამოხატვის სხვადასხვა ფორმას, ქმნიან ნამუშევრებს წარმოსახვით, ფანტაზიით, ასახავენ გარემოზე დაკვირვების შედეგად მიღებულ შთაბეჭდილებებს, განწყობილებებს და სხვ. ამისთვის მოსწავლეები ეუფლებიან ხელოვნების მოცემული დარგის ელემენტებს, პრინციპებს, გამომსახველობით ხერხებს, ეცნობიან სხვადასხვა ტექნიკას, მასალასა და იარაღს. შედეგად, მოსწავლეებს უღვივდებათ ცნობისმოყვარეობა, აღმოჩენისა და სიახლის ძიების სურვილი, უვითარდებათ წარმოსახვა და პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრის უნარი.

შემოქმედებითობის გასავითარებლად და დასახული მიზნების განსახორციელებლად მასწავლებელმა უნდა შეარჩიოს ისეთი სტრატეგიები და აქტივობები, რომლებიც გამოხატვის მრავალფეროვანი გზების, საშუალებებისა და მიდგომების ძიებაზე, ექსპერიმენტებსა და აღმოჩენებზე იქნება დაფუძნებული. მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის ინტერესები და გამოცდილება, მისცეს მას განსხვავებული იდეების წამოყენებისა და გადაწყვეტილებების მიღების საშუალება (მაგ. თავად შეარჩიოს თემა, სიუჟეტი, მასალა, ტექნიკა და სხვ.).

ამ მიმართულების ფარგლებში მოსწავლეებს აგრეთვე უვითარდებათ აღჭურვილობის მოტანა-მოწესრიგების, დროის ლიმიტის, კლასში მოქცევის, ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების დაცვის, სამუშაო ადგილის, საკლასო ოთახის მოწესრიგების უნარები; ჩართულნი არიან შრომით საქმიანობაში (მაგ. მონაწილეობა ეზოს დასუფთავება-გალამაზებაში, დაზიანებული ნივთებისა და სასკოლო ინვენტარის (წიგნი, რუკა) აღდგენა და სხვ.).
2.    კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია

ამ მიმართულების ფარგლებში მოსწავლეები სწავლობენ ხელოვნების ნაწარმოების გაგებასა და შეფასებას, მის შესახებ აზრის ჩამოყალიბებას, ხელოვნების, როგორც თვითგამოხატვისა და კომუნიკაციის საშუალების, გააზრებას. ეჩვევიან საკუთარი ჩანაფიქრის ნათელ და მკაფიო განმარტებას (მოსწავლემ საუბრისას სწორად უნდა შეძლოს ტერმინების გამოყენება, ადეკვატურად რეაგირება მასწავლებლის კომენტარზე, ასევე რჩევისა და მითითების გაგება და შესრულება. მას უნდა ესმოდეს ტერმინის მნიშვნელობა, უნდა შეეძლოს საკუთარი სიტყვებით ახსნა, თუმცა არ მოეთხოვება ტერმინის განმარტების დაზეპირება) და სხვისი აზრის გულისყურით მოსმენას, უვითარდებათ შეფასებისა და თვითშეფასების უნარები.

მოსწავლეებს ასევე უვითარდებათ სოციალური და საკომუნიკაციო უნარები, ეუფლებიან გუნდური მუშაობის მეთოდებს (წყვილში/ჯგუფში ერთობლივი მუშაობა, სხვადასხვა სამუშაოს შესრულების დროს ერთმანეთთან თანამშრომლობა, ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება, საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, განსხვავებული აზრის მოსმენა/გათვალისწინება, ინიციატივის გამოჩენა და სხვ.).

ამ მიმართულების ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის გაცნობის მიზნით უნდა მოეწყოს ექსკურსიები მუზეუმებში, გალერეებში, ისტორიულ ძეგლებზე, შეხვედრები ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეებთან და სხვა. მოსწავლეებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ საკლასო და სასკოლო გამოფენებში, სპექტაკლებში, აქციებში, ზეიმებსა და სხვა ღონისძიებებში; დახმარება უნდა გაუწიონ უმცროსკლასელებს ზეიმების გაფორმებაში, ინვენტარის შეკეთებაში, კლასის მოწყობაში და სხვა.
3.    ხელოვნების აღქმა კონტექსტში

ამ მიმართულების ფარგლებში მოსწავლეები ეცნობიან ქართული და მსოფლიო ხელოვნების ცნობილ ნიმუშებს (დაწყებით კლასებში მოსწავლეს არ მოეთხოვება ნანახი ხელოვნების ნიმუშის სათაურის და ავტორის ვინაობის ცოდნა, თუმცა, თანდათან მაინც უნდა შეძლოს ზოგიერთი მათგანის დასახელება, რათა ნელ-ნელა შეეჩვიოს ხელოვნების ნაწარმოებთან ურთიერთობას) უძველესი დროიდან დღემდე და ხალხურ შემოქმედებას, არკვევენ მათ შინაარსს, დანიშნულებასა და როლს საზოგადოების ცხოვრებაში. აკავშირებენ მათ ყოველდღიურ რეალობასთან და საკუთარ გამოცდილებასთან, ეცნობიან მათი შექმნისა და შეფასების განსხვავებულ ისტორიულ, კულტურულ, სოციალურ და სხვა კონტექსტებს.

მოსწავლეებს უვითარდებათ სამყაროს ესთეტიკური აღქმის, დაკვირვებისა და მისით ტკბობის უნარი. ამისთვის ყურადღება უნდა გამახვილდეს გარემოში ხელოვნებისა და მისი ელემენტების მრავალფეროვნების აღქმასა და გააზრებაზე (მასწავლებელმა მოსწავლეებს ყურადღება უნდა გაამახვილებინოს იმაზე, თუ სად და რა სახით შეხვედრიათ ხელოვნება, მისი გამოვლინება ყოველდღიურ ცხოვრებაში (ილუსტრირებული წიგნები, სათამაშოების დიზაინი, ანიმაციური ფილმები, მუზეუმებში და გალერეებში არსებული ხელოვნების ნიმუშები და სხვ.)).


I-IV კლასების სტანდარტი
ა) მისაღწევი შედეგები IV კლასის ბოლოს
ინდექსების განმარტება
დაწყებითი საფეხურის სტანდარტში გაწერილ თითოეულ შედეგს წინ უძღვის ინდექსი, რომელიც მიუთითებს საგანს, სწავლების ეტაპსა და სტანდარტის შედეგის ნომერს; მაგ., ს.გ.დაწყ.(I).1.:
 „ს.გ.“ - მიუთითებს საგანს „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება“;
„დაწყ“ - მიუთითებს დაწყებით საფეხურს;
„(I)“ – მიუთითებს, რომ სტანდარტი მოიცავს I-IV კლასებს;
„1“ - მიუთითებს სტანდარტის შედეგის ნომერს.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სტანდარტი
შედეგების ინდექსები
სტანდარტის შედეგები

1.    მიმართულება: შემოქმედებითობა და პრაქტიკა
ს.გ.დაწყ.(I).1.
მოსწავლემ უნდა შეძ­ლოს საკუთარ ინტერე­სებსა და გამოცდილებაზე დაყრდ­ნო­­ბით ჩანაფიქ­რის, იდეის, გუნება-გან­წყო­ბის (ემოციების) და/ან გარემოზე დაკვირვების შედეგად მიღე­ბული შთა­ბეჭდილე­ბების ასახვა ნამუშევა­რში სახ­ვითი ხელოვნების ელე­მენ­ტე­ბისა და პრინცი­პე­ბის გამოყენებით.
ს.გ.დაწყ.(I).2.
მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა მასალისა და ტექნიკის შერჩევა და გამოყენება საკუ­თარი ჩანაფიქრის და იდეის განსახორციელებ­ლად.

2.  მიმართულება: კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია
ს.გ.დაწყ.(I).3.
მოსწავლემ უნდა შეძლოს თანაკლასელებთან თანამშრომ­ლობით (წყვილში, გუნდში) შესასრულებელი სამუშაოს დაგეგმვა და განხორციელება.
ს.გ.დაწყ.(I).4.
მოსწავლემ უნდა შეძლოს ინდივიდუალური და ერთობლივი ნამუშევ­რის წარდგენა; აზრის, იდეების, შთაბეჭდილებების გაზიარება და საუბარი სა­კუ­თარ, თანაკლასელთა ან ცნობილ ხელოვანთა ნამუშევრებზე შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით.

3.         მიმართულება: ხელოვნების აღქმა კონტექსტში
ს.გ.დაწყ.(I).5.
მოსწავლემ უნდა შეძლოს ხელოვნების მრავალფეროვნების აღქმა გარემოში და საკუთარი დამოკიდებულებისა და შთაბეჭდლების გამოხატვა.
ს.გ.დაწყ.(I).6.
მოსწავლემ უნდა შეძ­ლოს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგებისა და ჟანრების განსხვავება ერთმანეთისგან, მათი დაკავშირება ყოველდღიურ ცხოვრებასა და სხვა საგნებში განვლილ მასალასთან.


ბ) შინაარსი

სახვითი ხელოვნების ელემენტები: ხაზი (სხვადასხვა ტიპის სქელი, წვრილი, სწორი, ტალღოვანი, ტეხილი, წყვეტილი, ზიგზაგი, ჰორიზონტალური, ვერტიკალური, მრუდი, დიაგონალური; განსხვავებული სისქის კონტური, შტრიხი); ფერი (ძირითადი და შედგენილი, ცივი და თბილი, კონტრასტული, ტონალობა - თეთრის ან შავი ფერის დამატებით მიღებული ტონი); ფორმა (მარტივი გეომეტრიული და ბუნებაში არსებული, ბრტყელი და მოცულობითი - 2D და 3D).

სახვითი ხელოვნების პრინციპები: რიტმი, ძირითადის გამოყოფა, წინა და უკანა ხედი, კონტრასტი, სტატიკა, დინამიკა.

ტექნიკა და პროცედურა: ფერწერა, გრაფიკა, ძერწვა, აპლიკაცია, კოლაჟი, მოზაიკა, ანაბეჭდი, მონოტიპია და სხვა.
სარეკომენდაციო მასალა და იარაღი: ფანქარი, პასტელი, ფლომასტერი, გუაში, აკვარელი, ნახშირი, სანგინა, ფერადი ცარცები, ფერადი ქაღალდი, მუყაო, ქსოვილი, პლასტილინი, თიხა, სხვა მასალა (ტრადიციული და არატრადიციული, ბუნებრივი და ხელოვნური), ფუნჯი, მაკრატელი, წებო და სხვ.

სახვითი ხელოვნების დარგები: ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, არქიტექტურა, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება.
სახვითი ხელოვნების ჟანრები: ნატურმორტი, პეიზაჟი, პორტრეტი და სხვ.

V-VI კლასების სტანდარტი

ა) მისაღწევი შედეგები VI კლასის ბოლოს
ინდექსების განმარტება
დაწყებითი საფეხურის სტანდარტში გაწერილ თითოეულ შედეგს წინ უძღვის ინდექსი, რომელიც მიუთითებს საგანს, სწავლების ეტაპსა და სტანდარტის შედეგის ნომერს; მაგ., ს.გ.დაწყ.(II).1.:
 „ს.გ“ - მიუთითებს საგანს „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება“;
„დაწყ“ - მიუთითებს დაწყებით საფეხურს;
„(II)“ – მიუთითებს, რომ სტანდარტი მოიცავს V-VI კლასებს;
„1“ - მიუთითებს სტანდარტის შედეგის ნომერს.


სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
შედეგების ინდექსი
სტანდარტის შედეგები

1.     მიმართულება: შემოქმედებითობა და პრაქტიკა
ს.გ.დაწყ.(II).1.
მოსწავლემ უნდა შეძ­ლოს საკუთარ ინტერესებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების მიზანმიმართულად გამოიყენება ნამუშევარში ჩანაფიქრის, იდეის, გუნება-განწყობის (ემოციების) და შთაბეჭდილებების გადმოსაცემად.
ს.გ.დაწყ.(II).2.
მოსწავლემ უნდა შეძ­ლოს სხვადასხვა მასალისა და ტექნიკის მიზანმიმართულად შერჩევა და გამოყენება საკუთარი ჩანაფიქრის და იდეის განსახორციელებლად.

2.  მიმართულება: კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია
ს.გ.დაწყ.(II).3.
მოსწავლემ უნდა შეძ­ლოს თანაკლა­სე­ლებ­თან თანამშრომ­ლობით (წყვილში, გუნდში) შესასრულებელი სამუშაოს დაგეგმვა და განხორციელება შემოქმედებითი და საორგანიზაციო პრობლემის გადასაჭრელად.
ს.გ.დაწყ.(II).4.
მოსწავლემ უნდა შეძ­ლოს ინდივიდუალური და ერთობლივი ნამუშევრის წარდგენა; აზრის, იდეების, შთაბეჭდილებების გაზიარება და მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით საუბარი გამოყენებული ხერხების შესახებ საკუთარ, თანაკლასელთა ან ცნობილ ხელოვანთა ნამუშევრებში შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით.


3.     მიმართულება: ხელოვნების აღქმა კონტექსტში
ს.გ.დაწყ.(II).5.
მოსწავლემ უნდა შეძ­ლოს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნიმუშების დაკავშირება ისტორიულ, რელიგიურ, კულტურულ და სოციალურ კონტექსტთან.
ს.გ.დაწყ.(II).6.
მოსწავლემ უნდა შეძლოს ქართულ ხელოვნებასა და ხელოვნების მოღვაწეებზე მსჯელობა.

ბ) შინაარსი

სახვითი ხელოვნების ელემენტები: ხაზი (სხვადასხვა ტიპის სქელი, წვრილი, სწორი, ტალღოვანი, ტეხილი, წყვეტილი, ზიგზაგი, ჰორიზონტალური, ვერტიკალური, მრუდი, დიაგონალური; განსხვავებული სისქის კონტური, შტრიხი); ფერი (ძირითადი და შედგენილი, ცივი და თბილი, კონტრასტული, მონათესავე, ტონალობა - თეთრის ან შავი ფერის დამატებით მიღებული ტონი, ნახევარტონები, ფერის გრადაცია); ფორმა (მარტივი გეომეტრიული და ბუნებაში არსებული, ბრტყელი და მოცულობითი - 2D და 3D).

სახვითი ხელოვნების პრინციპები: კომპოზიციური განაწილების საფუძველი (ვერტიკალური ან ჰორიზონტალური ფორმატის შერჩევა, ფორმატზე გამოსახულების განაწილება); რიტმი, ძირითადის გამოყოფა, სიმეტრია და ასიმეტრია, კონტრასტი, სტატიკა, დინამიკა, საგანთა თანაფარდობა და პროპორცია, სივრცე (პერსპექტივის კანონები - წინა, შუა და უკანა ხედები), წონასწორობა, ხედვის წერტილი.

ტექნიკა და პროცედურა: ფერწერა, გრაფიკა და მათი ტექნიკები (მონასმი, ლაქა, ანაბეჭდი), ძერწვა, აპლიკაცია, კოლაჟი, მოზაიკა, მონოტიპია, მოდელირება, კონსტრუქცია, კომპიუტერული ტექნოლოგიები (სახატავი პროგრამა, ტექსტური რედაქტორი, საპრეზენტაციო პროგრამა); დაჭრა, დაწებება, ამოკაწვრა, ღუნვა, გრეხვა, დაწვნა, ქარგვა, ქსოვა, კერვა, ხეზე კვეთა და სხვა.

სარეკომენდაციო მასალა და იარაღი: ფანქარი, პასტელი, ფლომასტერი, გუაში, აკვარელი, ტემპერა, ტუში, მელანი, ნახშირი, სანგინა, ფერადი ცარცები, ფერადი ქაღალდი, მუყაო, ქსოვილი, ძაფი, თოკი, მავთული, პლასტილინი, თიხა, სხვა მასალა (ტრადიციული და არატრადიციული, ბუნებრივი და ხელოვნური), ფუნჯი, მაკრატელი, წებო, სადურგლო, სამეთუნეო, საქსოვი, სამკერვალო იარაღი და სხვა.

სახვითი ხელოვნების დარგები: ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, არქიტექტურა, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება, კედლის მხატვრობა, ხელნაწერთა მინიატურა, ჭედურობა, კერმიკა და სხვ.
სახვითი ხელოვნების ჟანრები: ნატურმორტი, პეიზაჟი, პორტრეტი, ყოფითი და სხვ.

Комментариев нет:

Отправить комментарий