ესთეტიკური
აღზრდა - ზოგადი ნაწილი და სტანდარტები
მუხლი 77. ესთეტიკური აღზრდა - ზოგადი ნაწილი
შესავალი
პიროვნების აღზრდასა და ჰარმონიულ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს
მისი ხელოვნებასთან ზიარება. სწორედ ეს ფუნქცია აქვს სკოლაში ესთეტიკური აღზრდის
საგნებს. მათი შესწავლა უვითარებს მოსწავლეს სამყაროს
მშვენიერების აღქმის უნარს, წარმოსახვას, შემოქმედებითობას,
თვითგამოხატვის, კრიტიკული აზროვნების უნარებს,
უღვივებს აღმოჩენისა და სიახლის ძიების სურვილს, რაც აუცილებელია მოსწავლის
ნებისმიერი მომავალი საქმიანობისთვის და ამზადებს მას ცხოვრებისეული
გამოწვევებისთვის. ამ საგნების შესწავლისას მოსწავლე ეუფლება
თვითგამოხატვის განსხვავებულ საშუალებებსა და ფორმებს. ესთეტიკური საგნების
შესწავლა აზიარებს მოსწავლეს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს და ამავდროულად ხელს
უწყობს ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებას.
ესთეტიკური აღზრდის ჯგუფი აერთიანებს ორ საგანს: მუსიკას და სახვით და
გამოყენებით ხელოვნებას. ესთეტიკური აღზრდის ჯგუფი, გარკვეულწილად, ითავსებს თეატრალური ხელოვნების ელემენტებს,
ვინაიდან მუსიკის სწავლისას დიდი დატვირთვა ენიჭება წარმოდგენას (პერფორმანსს). პიროვნების
აღზრდა-განვითარებისთვის აუცილებელი შრომითი
საქმიანობა
ხელოვნების სწავლებასთან არის ინტეგრირებული. ამ ინტეგრირების საფუძველს სახვითი
ხელოვნების სწავლებაში გამოყენებით-დეკორატიული ხელოვნების ელემენტების ჩართვა
წარმოადგენს.
ესთეტიკური აღზრდის სწავლების მიზნები და ამოცანები
ესთეტიკური აღზრდის სწავლების მიზნებია:
Ø ინტერესისა და
სიყვარულის გაღვივება ხელოვნებისადმი;
Ø სამყაროს ერთიანობის
განცდის ჩამოყალიბება;
Ø ეროვნული,
სხვა ერისა და ზოგადსაკაცობრიო კულტურის დაფასების, განსხვავებული აზრისა და
მსოფლმხედველობის, ადამიანის შრომის მიმართ პატივისცემის გრძნობის გამომუშავება;
Ø გარემოს
ესთეტიკური აღქმის, მშვენიერების განცდისა და მხატვრული გემოვნების განვითარება;
Ø შემოქმედებით-ასოციაციური
აზროვნებისა და ემოციური სფეროს განვითარება;
Ø წარმოსახვის,
კრიტიკული აზროვნების, თვითგამოხატვის, შემოქმედებითი და საკომუნიკაციო უნარების განვითარება.
ესთეტიკური აღზრდის სწავლების ამოცანებია:
Ø ეროვნულ და მსოფლიო
კულტურულ ფასეულობებთან ზიარება;
Ø ხელოვნების
უნივერსალური ენის შესწავლა;
Ø მოსწავლის
ჩაბმა შემოქმედებით და საინტერპრეტაციო საქმიანობაში;
Ø ხელოვნების
ნიმუშის/ნაწარმოების აღქმის უნარის ჩამოყალიბება;
Ø მსჯელობისა
და წარდგენის უნარის გამომუშავება;
Ø სამუშაო გარემოს
მოწესრიგებისა და მოვლის, შრომითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება;
Ø შემოქმედებითი
საქმიანობის ტექნიკურ საშუალებათა დაუფლება;
Ø ხედვის,
სივრცითი წარმოდგენების, დაკვირვების უნარის, მხედველობითი მეხსიერებისა და ხელის
მოტორიკის განვითარება;
Ø მუსიკის
მოსმენის ჩვევის გამომუშავება;
Ø მუსიკალური
სმენისა და მეხსიერების, რიტმის გრძნობის, პლასტიკისა და კოორდინაციის
განვითარება;
Ø მუსიკის,
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ენის (მათ შორის, მუსიკალური დამწერლობის)
შესწავლა.
ესთეტიკური აღზრდის სწავლების ორგანიზება
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და მუსიკის სწავლება
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სამივე საფეხურზეა გათვალისწინებული: დაწყებითსა და
საბაზოზე - სავალდებულო (I-IX კლასები), ხოლო საშუალოზე - (XI-XII კლასები)
არჩევითი საგნების სახით.
შეფასება ესთეტიკურ აღზრდაში
შეფასება სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში
შეფასების
კომპონენტები სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში
მიმდინარე
(საშინაო და საკლასო) დავალებათა კომპონენტები
შეიძლება
შეფასდეს შემდეგი ცოდნა და უნარ-ჩვევები:
Ø
შემოქმედებითობა
(გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი ხელწერის, ხედვის დემონსტრირება, ტექნიკის, მასალის და
მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების ეფექტურად გამოყენება ჩანაფიქრის გადმოსაცემად
და სხვ.);
Ø
მასალის, ტექნიკის და
მხატვრულ-გამომსხველობითი საშუალებების გამოყენება;
Ø ნამუშევრის
შესახებ საუბარი (გამოყენებულ მასალაზე,
ტექნიკასა და მხატვრულ-გამომსხველობით საშუალებებზე შესაბამისი
ტერმინოლოგიის გამოყენებით);
Ø ხელოვნების
სხვადასხვა დარგის ნიმუშების დაკავშირება ისტორიულ, რელიგიურ, კულტურულ და
სოციალურ კონტექსტთან;
Ø ხელოვნების
დარგებისა და ჟანრების ამოცნობა და მსჯელობა;
Ø ზეპირი გამოსვლა/პრეზენტაცია (სათქმელის ნათლად და
გასაგებად გადმოცემა, აუდიტორიასთან კონტაქტი, თვალსაჩინოებისა და ტექნიკური
საშუალებების გამოყენება და სხვ.);
Ø საკუთარი
აზრის დასაბუთებულად წარმოჩენა;
Ø კითხვებზე
ადეკვატური პასუხის გაცემა;
Ø სხვისი
აზრის პატივისცემის დემონსტრირება;
Ø სასწავლო
აქტივობებში ჩართულობა;
Ø თანამშრომლობა
(მეწყვილესთან, ჯგუფის წევრებთან);
Ø ორგანიზებულობა
(სისტემურობა, დროის ლიმიტის დაცვა, საჭირო მასალის, აღჭურვილობის ქონა).
ცოდნა და უნარ-ჩვევები ფასდება შემდეგი დავალებებით:
Ø კონკრეტული პრაქტიკული სამუშაოს შესრულება ან ნამუშევრის
შექმნა გარკვეულ თემაზე (მოსწავლეებმა პრაქტიკული სამუშაო შეიძლება შეასრულონ წარმოსახვით, მეხსიერებით, ნიმუშის მიხედვით და ასევე, ასახონ გარემოზე დაკვირვების შედეგები, მაგ., პეიზაჟი, ნატურმორტი და სხვ.);
Ø საკუთარი და სხვისი ნამუშევრების განხილვა;
Ø ხელოვნების ნიმუშის
შესახებ მსჯელობა;
Ø გარკვეული ეპოქის, შემოქმედის ან ხელოვნების ნიმუშის
ანალიზი ან მის ირგვლივ მსჯელობა;
Ø ინდივიდუალური
ან ჯგუფური პრეზენტაციის მომზადება (საკუთარი და სხვების ნამუშევრების პრეზენტაცია, აუდიტორიისთვის
წარდგენა და სხვ.);
Ø დაკვირვება
გარემოზე (დაკვირვების შედეგებზე მსჯელობა ან ასახვა ნამუშევარში);
Ø მასალის
მოძიება;
Ø რეფერატის
შედგენა.
შემაჯამებელი
დავალებების კომპონენტი
შემაჯამებელი დავალების
კომპონენტი უკავშირდება სწავლა-სწავლების შედეგს. ამ კომპონენტში უნდა შეფასდეს ერთი
სასწავლო მონაკვეთის (თემა, თავი, პარაგრაფი, საკითხი) შესწავლა-დამუშავების შედეგად
მიღწეული შედეგები. კონკრეტული სასწავლო ერთეულის დასრულებისას მოსწავლემ უნდა შეძლოს
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სტანდარტით განსაზღვრული ცოდნისა და უნარ-ჩვევების
წარმოჩენა.
შემაჯამებელ
დავალებათა ტიპები:
სტანდარტის მოთხოვნათა
შესასრულებლად რეკომენდებულია შემაჯამებელ დავალებათა მრავალი ფორმის გამოყენება. სახვით
და გამოყენებით ხელოვნებაში შესაძლებელია შემდეგი ტიპის შემაჯამებელი დავალებების გამოყენება:
Ø პრაქტიკული სამუშაო, მაგ., მასშტაბური
ნამუშევარი;
Ø გამოფენა;
Ø პროექტი
(პროექტის სავარაუდო თემები: პროექტები,
რომლებიც დაკავშირებულია რომელიმე ხელოვანის ან გამოჩენილი ადამიანის
შემოქმედებასთან, მოღვაწეობასთან, ხელოვნების დარგებთან და ჟანრებთან,
მსოფლიოში/ქვეყანაში/ ქალაქში/ რეგიონში და სხვ. მომხდარ მოვლენასთან (ეკოლოგიური, პოლიტიკური, სოციალური და სხვ.), ასევე, გამოფენის ექსპოზიცია,
სპექტაკლის გაფორმება, გაზეთის, ჟურნალის, წიგნის მაკეტი; სკვერის კეთილმოწყობა,
სკოლის, საკლასო ოთახის, ინტერიერის დიზაინი და სხვ.);
Ø
მოხსენება-რეფერატი (გარკვეული
ეპოქის, შემოქმედის შესახებ);
Ø პრეზენტაცია;
Ø ტესტი
Ø და
სხვ.
მოთხოვნები,
რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემაჯამებელი დავალებები:
Ø დავალების თითოეულ ტიპს უნდა ახლდეს თავისი
შეფასების ზოგადი რუბრიკა;
Ø ზოგადი რუბრიკა უნდა დაზუსტდეს კონკრეტული დავალების
პირობისა და განვლილი მასალის გათვალისწინებით;
Ø მითითებული უნდა იყოს სტანდარტის ის შედეგები, რომელთა
შემოწმებასაც ემსახურება შემაჯამებელი დავალება.
Комментариев нет:
Отправить комментарий