вторник, 15 января 2019 г.

საჯარო სკოლაში კათედრების მუშაობის შესახებ


საგნობრივი კათედრები საჯარო სკოლაში

1. საჯარო სკოლა ვალდებულია საგნობრივი ჯგუფების მიხედვით შექმნას კათედრები, რომელთა შემადგენლობა და ფუნქციები აისახება სასკოლო სასწავლო გეგმაში. კათედრაზე გაერთიანებული იქნება საგნობრივ ჯგუფში შემავალი ყველა საგნის მასწავლებელი. იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში საგნობრივ ჯგუფში შემავალი თითო საგნის მასწავლებელია, შესაძლებელია სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნების მასწავლებლები ერთ კათედრაზე გაერთიანდნენ (მაგ., მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების); აგრეთვე რეკომენდებულია სკოლამ შექმნას დაწყებითი საფეხურის კათედრა.
2. კათედრების ფუნქციებია:
ა) საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირება;
ბ) კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;
გ) საგაკვეთილო პროცესისთვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სასკოლო ბიბლიოთეკისთვის საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა და პედაგოგიური საბჭოსთვის წარდგენა;
დ) სხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობა (მაგ., ისტორიასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში საერთო თემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებისთვის საერთო დავალებების მოფიქრება და სხვ.);
ე) ზრუნვა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის;
ვ) რეკომენდაციების შემუშავება სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით;
ზ) შემაჯამებელი დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და გაცდენების ანალიზი;
თ) სკოლის დირექტორისთვის მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრის წარდგენა.
3. კათედრების მოწყობა:
ა) კათედრის თავმჯდომარეს ირჩევს კათედრა ერთი სასწავლო წლის ვადით ხმათა უმრავლესობით;
ბ) ერთი და იმავე პირის არჩევა კათედრის თავმჯდომარედ შესაძლებელია ზედიზედ სამჯერ.
4. კათედრის თავმჯდომარის ფუნქციებია:
ა) კათედრის შეხვედრების ორგანიზება (დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება-შენახვა);
ბ) სკოლის მართვის ორგანოებისათვის კათედრის შეხვედრებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა მიწოდება (მაგ., გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებისა და სხვა სასწავლო მასალის არჩევის თაობაზე);
გ) მასწავლებლების პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო აქტივობების (კოლეგებთან შეხვედრების, ტრენინგების, კონფერენციების და სხვ.) ორგანიზება.
5. კათედრა იკრიბება სემესტრში მინიმუმ ორჯერ (მათ შორის, სემესტრის დასრულებისას საგნის სწავლების შეჯამების და ანალიზის მიზნით). კათედრა აუცილებლად უნდა შეიკრიბოს სასწავლო წლის დაწყებამდე.

. ესთეტიკური აღზრდა

1. ესთეტიკური აღზრდის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:
) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (ისწავლება I-IX კლასებში);
) მუსიკა (ისწავლება I-IX კლასებში);
2. ესთეტიკური აღზრდის საგნობრივი ჯგუფის მიზანია, განუვითაროს მოსწავლეებს წარმოსახვა, შემოქმედებით-ასოციაციური აზროვნება და ემოციური სფერო; გამოუმუშაოს ხელოვნების ნიმუშებისა და მუსიკის აღქმის, შეფასების, გარემოს შეცნობისა და მისი მხატვრული ასახვის უნარები და ამით ხელი შეუწყოს თვითგამოხატვის განსხვავებული საშუალებებისა და ფორმების დაუფლებას. დაეხმაროს მოსწავლეებს ხელოვნების უნივერსალური ენის შესწავლასა და მისი საშუალებით ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ ფასეულობებთან ზიარებაში.

3. ამ მუხლით განსაზღვრულ საგნობრივ ჯგუფში ასევე შედის შემდეგი არჩევითი საგნები: თეატრალური ხელოვნება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების თეორიულ-პრაქტიკული კურსი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პრაქტიკული კურსი, ხელოვნების ისტორია, ფოლკლორული ანსამბლი, მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამების პრაქტიკული კურსი, მულტიმედია და დიზაინი, კინოხელოვნება.

ამონარიდი ეროვნული სასწავლო გეგმიდან

Комментариев нет:

Отправить комментарий